“უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა და შესაბამისი სამხედრო გეგმაც დამტკიცებულია. ამის ფონზე კი უკიდურესად იძაბება ვითარება სხვადასხვა რუსულ სამხედრო ფორმირებებს შორის. ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს ერთის მხრივ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფებასთან აქვს კონფლიქტი და მეორეს მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ხელ-ფეხს უხსნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ზრდის ალბათობას, რომ მათი კონტრშეტევა წარმატებული იქნება. თავად პრიგოჟინმა “კადიროველებთან” კონფლიქტი უკვე ამოწურულად გამოაცხადა, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილს ამაში ეჭვი შეაქვს. რაც შეეხება “ვაგნერისა” და თავდაცვის სამინისტროს დაპირისპირებას, როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, აქ გაცილებით რთულადაა საქმე და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვა პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა”- უკრაინელების წინსვლა ბახმუტში და მწვავე შიდა დაპირისპირება რუსულ ნაწილებს შორის.
“ვაგნერის” ხელმძღვანელმა ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 მწვავე ბრალდება წაუყენა თავდაცვის სამინისტროს. პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის დატოვების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ გზები, რომლითაც “ვაგნერის” დანაყოფები ქალაქს ტოვებდნენ, თავად რუსი სამხედროების მიერ იყო დანაღმული. შაბათს კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტში, რომლის აღებასაც „ვაგნერმა” თუთქმის 10 თვე და ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეალია, რუსული რეგულარული არმიის ნაწილები თანდათან კარგავენ პოზიციებს და უკრაინულმა არმია უკვე დაიკავა ქალაქის გარკვეული ნაწილი. პრიგოჟინის “ვაგნერსა” და კადიროვის “ახმატს” შორის სიტყვიერი დაპირისპირება 1-ლ ივლისს დაიწყო. საგანგებო ვიდეომიმართვები გაავრცელეს კადიროვის ნათესავმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვმა და სპეცრაზმ “ახმატის” მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა. მათ პრიგოჟინი გააკრიტიკეს დიდი დანაკარგებისა და თავდაცვის სამინისტროს კრიტიკის გამო. დელიმხანოვმა “ვაგნერის” მეთაურს ურჩია დაენიშნა საათი და ადგილი, სადაც მას “აუხსნიდნენ იმას, რაც არ ესმის”. პრიგოჟინს შესთავაზეს პირადად შეხვედრა და “კაცური დალაპარაკება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ამ მიმართვებს საგანგებოდ გამოეხმაურა “ვაგნერის” სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი. თავის “ტელეგრამ” არხზე მან დაწერა, რომ “ვაგნერელები” მზად არიან “კაცური ლაპარაკისთვის”, რადგან კადიროვის გარემოცვას “ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან” იცნობენ. სამხედრო მიმომხილველთა შეფასებით, ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ უტკინი და ჩეჩნეთის ომის ვეტერანი „ვაგნერელები” მაშინ იბრძოდნენ დელიმხანოვის და დაუდოვის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელები სეპარატისტების მხარეს იყვნენ. ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, ეს დაპირისპირება 2 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. 3 ივნისს კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “კადიროველებთან” კონფლიქტი ამოწურულია. “ვაგნერის”ხელმძღვანელის ცნობით, ის ტელეფონით ესაუბრა კადიროვს ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ამბავს “დაამუხრუჭებენ”. ამასთან, პრიგოჟინმა უარი თქვა შეეფასებინა დელიმხანოვისა და დაუდოვის განცხადებები: “ჩემგან ნებისმიერი პასუხი შეიძლება აღიქვან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებად”, – განაგრძობს გამოცემა.
“გაცილებით უფრო მწვავედ ვითარდება პრიგოჟინის დაპირისპირება თავდაცვის სამინისტროსთან. “ბახმუტიდან ჩვენი გასვლისას თავდაცვის სამინისტრომ გზა დაგვინაღმა. მათ ასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობები დატოვეს”, – განაცხადა შაბათს პრიგოჟინმა. მისი თქმით, “ვაგნერის” შემადგენლობიდან არავინ დაშავებულა და ამჟამად ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. “ჩვენ შეკითხვა დავუსვით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თუ რატომ გააკეთეს ეს და ისინი თითს ზევით იშვერენ, მაგრამ სხვა დეტალებს არ გვეუბნებიან”, – განაცხადა პრიგოჟინმა. შაბათს კი მან ახალი ბრალდება წაუყენა თავდაცვის სამინისტროს. მისი თქმით, „ვაგნერმა” სულ ორიოდე დღეა, რაც დაასრულა ბახმუტიდან გასვლა და თავისი საბრძოლო პოზიციები რუსეთის არმიის რეგულარულ ნაწილებს გადასცა. შაბათს კი გაარკვია, რომ, მისი თქმით, სრულიად აღებული ქალაქის ერთ ნაწილზე ისევ უკრაინელებმა დაამყარეს კონტროლი. 2 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისმა ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად სრულად დატოვეს ბახმუტი და პოზიციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცეს. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ჯგუფებს შორის შიდა დაპირისპირებები რუსეთს უფრო ასუსტებს და აიძულებს უკან დაიხიოს”, – დასძენს გამოცემა.
“როცა ასეთი რიტორიკებია, ეს სერიოზულად მიანიშნებს კრიზისზე. ახლა ბრძოლა მიდის ტახტის გარშემო, რომელიც შეიძლება იყოს პუტინისგან ხელშეწყობილი. ან, შესაძლოა, ისე დასუსტდა პუტინი, რომ უკვე ჭიდაობა ხდება ადგილებისთვის. ფაქტია, რომ არის დაპირისპირება “ვაგნერსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის, ვაგნერის უკან კი “ეფესბე” დგას. დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ რადგანაც დასუსტდა სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა. ყველაფერი დასაშვებია. სავსებით შესაძლებელია საქმე მივიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე. თუმცა, მნიშნელოვანია ამას რამდენად შეუწყობს ხელს ის სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა რუსეთში. რა თქმა უნდა, ეს ომის მსვლელობაზეც აისახება. როდესაც ასეთი უნდობლობა ჩნდება ერთმანეთში, ეს უფრო ართულებს ვითარებას. რუსეთი ისედაც დასუსტებულია და უფრო დასუსტდება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი-კადიროვის დაპირისპირება ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგანაც ორივენი ერთი პოლიტიკური კლანის წევრები არიან. გაცილებით საყურადღებოა “ვაგნერისა” და თავდაცვის სამინისტროს დაპირისპირება, სადაც მხარეებმა უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. “ვაგნერსა” და კადიროვს შორის დაპირისპირება ალბათ არ არის ისეთი სერიოზული, როგორც პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის. იქ წითელი ხაზები გადალახულია. კადიროვი, პრიგოჟინი და ზოლოტოვი – ეს ერთი და იგივე დაჯგუფებაა. გუშინ პრიგოჟინმა თქვა კიდეც, რომ ელაპარაკა კადიროვს და თითქოს პრობლემები მოაგვარა. შეიძლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა კადიროვის მხიდან პრიგოჟინთან დაპირისპირება. როგორც ჩანს, კადიროვს სურდა პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ დაუპირისპირდნენ პრიგოჟინს. ასევე არსებობს დაპირისპირება პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ეს კი უკვე სერიოზული დაპირისპირებაა და მხარეები უკან ვერ დაიხევენ”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია, რომლის თქმით, დაპირისპირება პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არის პიროვნულ დონეზე, რომ შოიგუმ და გერასიმოვმა დატოვონ თანამდებობები”, – წერს სტატიის ავტორი.
“აქ არის პიროვნული და შიდა კორპორატიული ინტერესები. შეიძლება საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს. როცა ყველანი უკრაინის ომში არიან ჩართული, ეს საბრძოლო მოქმედებებზეც აისახება. ამან შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხელ-ფეხი გაუხსნას და უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს, რომ გადავიდნენ კონტრშეტევაზე და წამოიწყონ წარმატებული სამხედრო კამპანია”, – თვლის მაისაიამ. უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონტრშეტევის განხორციელების გეგმა დაამტკიცა. თავად ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადაა. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას. “სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ზელენსკიმ. ვახტანგ მაისაიას აზრით, კონტრშეტევის დაწყებას შესაძლოა რამდენიმე გარემოება – სხვადასხვა შუამავლის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის განხილვა და საერთაშორისო სამიტები უკრაინის ლიდერის მონაწილეობით”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“უკრაინული მხარე, როგორც ჩანს, მზადაა დაიწყოს კონტრშეტევა და მას აქვს ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რასაც არ დავასახელებ. მეორე მხრივ მიმდინარეობს სერიოზული პოლიტიკური დიალოგები და მიდის სამშვიდობო გეგმების განხილვა, ჩინეთის იქნება სამხრეთ აფრიკული თუ სხვა. ასევე იმართება სამიტები უკრაინის მონაწილეობით. ეს იყო, მაგალითად, კიშინოვის სამიტი, მერე ბრიუსელის სამიტი იქნება, შემდეგ ნატოს სამიტი და როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, უკრაინა ცდილობს, რომ ამ პოლიტიკური დიალოგის პერიოდში გარკვეულწილად აჩვენოს, რომ ისინი უფრო სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრენი არიან. აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი – როცა ქვეყნის მთავარსარდალი იძულებულია დიპლომატიურ შეხვედრებზე იაროს, მის გარეშე კონტრშეტევა შეიძლება საერთოდ ვერ დაიწყოს. კიდევ ერთი საკითხი- უკრაინელები შეიძლება ელოდებიან შეიარაღების მიღებას. დასავლეთი კი ამბობს, რომ უკრაინა დღეს უკვე უზრუნველყოფილია ყველა სამხედრო აღჭურვილობით, მაგრამ ამას სჭირდება დასაწყობება და ა.შ., რაც დროს მოითხოვს”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“რითი აიხსნება ის გარემოება, რომ უკრაინის ხელისუფლება ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მხოლოდ აანონსებს კონტრშეტევას და განცხადებების იქით საქმე არ მიდის? გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ თავის დროზე ასეთი განცხადებების მიზანი დასავლეთისგან თანამედროვე შეიარაღების მიღება იყო. ახლა კი, როდესაც უკრაინის არმია სრულადაა აღჭურვილი, კონტრშეტევის დაწყებასაც უნდა ველოდოთ. “მე უფრო მგონია, რომ ეს განცხადებები რაც დაიწყო, მიმართული იყო დასავლეთის დახმარების გაზრდისკენ. ახლა უნდა განახორციელონ კონტრშეტევა. უკრაინის გენერალურ შტაბში მიიჩნევენ, რომ ჯერ არ არის პირობები ჩამოყალიბებული, რომ კონტრშეტევა წარმატებული იყოს. მე მაინც მგონია, რომ კონტრშეტევა იქნება. ეს შეიძლება იყოს მძლავრი დარტყმა გარკვეულ კონკრეტულ მიმართულებაზე, ან შეიძლება, როგორც უკრაინელები საუბრობენ, იქნება დროში გაწელილი მრავალი დარტყმა სხვადასხვა მიმართულებაზე. რაღაც უნდა გააკეთოს უკრაინამ. როდესაც გამოდის ამერიკის ხელისუფლება და ამბობს რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინამ კონტრშეტევა განახორციელოს და უკრაინაც დიდი ხანია აცხადებს, რომ კონტრშეტევა იქნება, უნდა განხორციელდეს კიდეც”, – ამტკიცებს კაპანაძე, რომლის თქმით, “ასევე აცხადებდნენ რომ მაისში უნდა შესულიყვნენ ყირიმში”...”- დასძენს სტატიის ავტორი.