“23-24 ივნისის მოვლენებმა და სამხედრო გადატრიალების მცდელობამ რუსეთში აჩვენა, რომ ასეთი არაპროგნოზირებადი ქვეყნის მეზობლობა საქართველოს დამატებით გამოწვევებს უქმნის, რომელთა პრევენციასა და აღკვეთაზე ხელისუფლებამ ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამ შაბათ-კვირას რუსეთი სამხედრო გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა. ამჯერად ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ, რა მოხდება მსგავსი მოვლენების გამეორების შემთხვევაში, თუკი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის შემდეგ რუსი სამხედროების ნაწილი იარაღს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს, როგორც ერთხელ უკვე მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ რუსეთში მასშტაბური არეულობის დაწყება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდება, თუ რუსეთში არეულობა ისევ დაიწყო – “აფხაზებსა და ოსებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს გარდა მათი ბედი არავის ანაღვლებს”.
“პირველ რიგში ასეთ დროს მოსალოდნელი იქნება ლტოლვითა დიდი ნაკადი რუსეთიდან, რომლის გასაკონტროლებლადაც დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. შაბათს ეს ტენდებცია აშკარა იყო, როდესაც შაბათს რუსეთში პრაქტიკულად მთლიანად გაიყიდა უახლოესი დღეების ავიაბილეთები და მათი ფასიც ასტრონომიულ ნიშნულს მიუახლოვდა. უშუალოდ ლარსის საბაჟოზე, საქართველოს საზღვართან რიგი არ დამდგარა, თუმცა შეიძლება ეს იმით აიხსნას, რომ დაძაბულობა და გაურკვეველი მდგომარეობა რუსეთში მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. კიდევ ერთი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთში დაწყებული არეულობა შესაძლოა ძალიან მტკივნეულად შეეხოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სწორედ ოფიციალურ თბილისს ეკისრება. შესაბამისად, ხელისუფლებამ უკვე ახლა უნდა დაიწყოს მათთან დიალოგი და აუხსნას, რომ რეალურად “აფხაზებისა და ოსების ბედი საქართველოს გარდა არავის ადარდებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“შაბათს რუსეთში ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერის” აჯანყებას საქართველოდან პირველი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და საზღვარზე მკაცრი კონტროლის დაწესება მოითხოვა. “ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით”, – დაწერა პრეზიდენტმა “ტვიტერში”. მმართველ პარტიაში ეს მოსაზრება არ გაიზიარეს. “რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი. ჩვენ ვერ ჩავერევით ვერც ერთი სახელმწიფოს, მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ანალიტიკოსი პაატა დავითაია ფიქრობს, რომ რუსეთში არეულობის დაწყების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პირველი ნაბიჯი სწორედ საზღვრის ჩაკეტვა უნდა იყოს. ხოლო რუსეთში არეულობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება იზრუნოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, რომელთაც ეს არეულობა შესაძლოა უშალოდ შეეხოთ. ანალოგიურად მიიჩნევს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი“, – დასძენს გამოცემა.
“მოვუწოდებ მთავრობას, რომ როგორც კი შეხედავენ, რომ სიტუაცია უკიდურესად იძაბება, საზღვრის ჩაკეტვა დაიწყონ, ხოლო აქ ვინც იმყოფებიან რუსები, მათი ტოტალურ კონტროლზე აყვანა უნდა მოხდეს. დაიწყოს პოლიციამ იმ ადგილების შემოწმება, სადაც ისინი იკრიბებიან – რა აზრებს გამოხატავენ, ვინ არიან, რა კატეგორიის ხალხია. მოსკოვში თუ დაიწყო ბრძოლები, ხვალ და ზეგ ლარს მოაწყდებიან. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ… არავის ჰქონდეს ილუზია, რომ თუ პრიგოჟინმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მისი მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენა არ იქნება. ეს ძალაუფლება კი შეიძლება გაამაგროს საკმაოდ მძიმე შედეგებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. ასეთია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ვისაც ჰგონია, ამით რომ რუსეთი დასუსტდება და ჩვენც გვეშველება, უნდა ვუთხრა, რომ ასე არ არის, რადგან რისკები კიდევ უფრო იზრდება. სოხუმი როცა დაეცა, შუა მოსკოვში ტანკებით ბომბავდნენ და ესროდნენ რუსეთის სათათბიროს. მეორე ჯარი კი სოხუმზე შტურმით მოდიოდა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.
“ორი რუსეთი არ არსებობს, არსებობს იმპერიალისტური რეჟიმი და ამბიციები. ეს ორი მხარე იმისთვის იბრძვის, რომ უფრო ტოტალური იმპერიის შექმნა სურთ. ამიტომ არსებობს დიდი საფრთხე, რომ თუკი პრიგოჟინი ხელთ იგდებს ძალაუფლებას, ის საით გაიწევა და რა იქნება მისი ინტერესები, კაცმა არ იცის. შესაძლოა მის მიზნებში კიევის და თბილისის მიმართულებით წამოსვლა შედიოდეს. სირაქლემას პოზიციაში არ უნდა დავდგეთ. 1921 წელი გავიხსენოთ – რევოლუცია, რომელიც პეტერბურგში იყო, ბოლოს თბილისამდე მოვიდა. ძალიან მძიმე სამეზობლო გვყავს და სასწრაფოდ რისკების შეფასება უნდა დაიწყოს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რუსეთში არეულობის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იქნება იზრუნოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, რომელთაც ეს არეულობა შესაძლოა უშალოდ შეეხოთ. ჩვენი უსაფრთხოება ისედაც ძალიან მოწყვლადია. აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც საკმაოდ სახიფათო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას და იქიდან გაურკვეველმა ხალხმა დაიწყოს გადმოსვლა. ჩვენ აფხაზებს და ოსებს უკვე უნდა ველაპარაკებოდეთ, თუ რა საფრთხის წინაშე არიან ისინი და რომ ჩვენს გარდა მათი ბედი არავის ანაღვლებს. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი გეგმა – თუ იქ სიტუაცია უკონტროლო გახდა, რას ვშვრებით, რით ვეხმარებით ამ ხალხს. დღე-დღეზე შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მივიღოთ და ეს კიდევ დამატებით ბერკეტი იქნება ჩვენს ხელში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს იმედი მივცეთ და აქეთ გამოხედვა დაიწყონ“, – დაასკვნის დავითაია.
“არეულობის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ საქართველოს მიმართულებით ლტოლვილთა ნაკადი დაიძრას. აქეთ წამოვლენ არა მხოლოდ შემოსავლიანი და ფინანსურად ძლიერი რუსები, არამედ ე.წ. „ბომჟები“, დამნაშავეები და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ათასი ჯურის ადამიანმა შეიძლება საქართველოში გამოქცევა გადაწყვიტოს. ამ რისკების შეფასება ხელისუფლების მხრიდან უშიშროების საბჭოზე უკვე უნდა ხდებოდეს, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება და ყველა სცენარისთვის მზადება. თუ საზღვარზე უცბად დიდი ნაკადი წამოვიდა, მათი გაკონტროლება ძალიან გაჭირდება და ეს გარკვეული სამხედრო და საპოლიციო ძალების მობილიზებას მოითხოვს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბენდიანაშვილი.
“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან კომუნიკაცია უნდა დავიწყოთ და შევიმუშაოთ გეგმა, რა შემთხვევაში რას ვაკეთებთ. რაც შეეხება ასევე რისკებს ჩრდილო კავკასიიდან, რა თქმა უნდა, ეს რისკებიც არსებობს. მართალია, კადიროვმა მხარი პუტინს დაუჭირა, მაგრამ არავინ იცის. ხვალ და ზეგ მან შეიძლება დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. ასევე საფრთხეა დაღესტანი, სადაც არაა გამორიცხული პროცესები აფეთქდეს და ამან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ყველა მხრიდან სხვადასხვა რისკებია გასათვალისწინებელი და მთლად გულხელდაკრეფილებმა სეირს არ უნდა ვუყუროთ“, – დასძენს ზურაბ ბენდიანიშვილი.