საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ განახლებული საარჩევნო სიით ამომრჩეველს ვერ მიიზიდავს.
ამის შესახებ ბუკიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„საინტერესოა, ვინ უნდა მიიზიდონ ამ განახლებული სიით? რომან გოცირიძე აქამდე დამოუკიდებელი ექსპერტის რანგში გვმოძღვრავდა, იცავდა ირაკლი ქადაგიძეს, როცა ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. ამ დროს ლარი გაუფასურდა. ჩვენ მოვითხოვდით ეროვნული ბანკის გაკონტროლებას შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ამას ეწინააღმდეგებოდნენ არა მარტო რომან გოცირიძე და მისთანა ექსპერტები, არამედ, ქვეყნის პრეზიდენტიც. ახლა ქადაგიძე აღარ არის ეროვნულ ბანკში და ლარი ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდა. გოცირიძის სახელი ავბედით კუპონიზაციასაც უკავშირდება. დამოუკიდებელ ექსპერტად გვევლინებოდა ელენე ხოშტარიაც, რომელიც „ნაციონალების“ სიაშია. ეს ცვლილებები ფასადურია. ამ ვითომ ახალი და ნეიტრალური სახეების უკან მგლების ხროვა იმალება. ეს მგლები ჩასაფრებული არიან და ისევ ძალაუფლებას ეჭიდებიან, თუმცა არაფერი არ გამოუვათ, მაგრამ ექნებათ ქვეყანაში სიტუაციის არევის მცდელობები. ხელისუფლება არეულობას არ დაუშვებს და ყველაფერს კანონის ფარგლებში გააკონტროლებს. „ნაციონალებს“ ხოშტარიებით, გოცირიძეებით უნდათ საარჩევნო სიის შეფუთვა. სინამდვილეში, ხოშტარია, გოცირიძე და სხვები არ არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. გადაწყვეტილებებს იღებენ სხვები. ამ სხვებს ცუდი გეგმები აქვთ, მაგრამ მათ ხალხი არ აჰყვება. საზოგადოება იმასაც გაიაზრებს, თუ რისი გაკეთება მოახერხა ახლანდელმა ხელისუფლებამ“ – აცხადებს ბუკია.