თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს ათ ლოკაციაზე ასრულებს, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ძებნა-შველის სამუშაოებში უკვე მეცხრე დღეა, აქტიურად არის ჩართული.
„დღეს დილიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებს ათ ლოკაციაზე განაგრძობენ.
სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკისა და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ.
თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შესაბამის მითითებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით იღებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.