უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა ისეთი სისტემის მისაღებად, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას თანაბრად დაიცავს.
„მე აღარ მოვყვები წინა 9 წლიანი ისტორიის ამბებს და ნამდვილად არ ვაპირებ რომ წარსულისკენ მივაპყრო თქვენი ყურადღება, მოდით ვისაუბროთ მომავალზე იმიტომ რომ აწყმოსა და მომავალზე სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებელი და ჩვენ მივიღებთ ეფექტურ გადაწყვეტილებებს მომავალთან დაკავშირებით, ხოლო ის რაც ხდება ძალიან არასერიოზულად გამოიყურება მოკავშირეებისა და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გადმოსახედიდან“, – განაცხადა დეპუტატმა.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ საქართველო ჩართულია უსაფრთხოების და გლობალურ ძალისხმევაში, ტერორიზმთან ბრძოლაში, იმ საფრთხეებთან ბრძოლაში, რაც არის დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევა. ამ ფონზე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება პროცესი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში მიდის და რომელშიც ადგილი აქვს რეალურად, ჩვენი საკუთარი ინსტიტუტების, ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. კარგია რომ თქვენ თვითონაც გიჩნდებთ შეკითხვები თუ რატომ უნდა გადავიხადოთ დამატებითი ფული ამ ახალი ორგანიზაციიის შექმნაში. ეს იყო შეკითხვა რომელიც ჩვენ თავის დროზე დავსვით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ ბატონი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო ეს გადაწყვეტილება და დღეს კარგია, რომ უბრუნდებით ამ შეკითხვაას, დღეს კარგია რომ კიდევ ერთხელ დაისვა შეკითხვა რომ ხომ არ იყო ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. მაგრამ, რადგან იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვცადეთ რომ ახალ მოდელში მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა“. – მიმართა ოპონენტებს თალაკვაძემ.
მისი თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკითხვებს ემატება ახალი შეკითხვები საქალაქო სასამართლოსთან და სასამართლოს სხვა შტოებთან მიმართებაში ეს არის შეკითხვები, რომელიც ბატონ ახვლედიანს უკავშირდება და თვითონ დაადასტურა ბატონმა ნიკამ რომ ეს საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა, მან თქვა რომ მონტაჟიაო, ვნახოთ არის თუ არა მონტაჟი. ასევე ორ მოსამართლესთან ქათამაძესთან და ალავიძესთან იცით, რომ ახალი ფაქტები გასაჯაროვდა და მათ მიმართეს პროკურატურას. ეს შეკითხვები უკვე გროვდება და პასუხი უნდა გაეცეს ამ შეკითხვებს არა მხოლოდ პროკურატურაში, არამედ საზოგადოებასაც უნდა გასცეთ პასუხები“.
„თქვენ რასაც ითხოვთ, ფაქტიურად ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების პრაქტიკულად პრივატიზაციაზე გატანა. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა და კერძო სექტორის რეფორმა. ეს არის უსაფრთხოების სისტემა, სადაც კრეატიულობა ნაკლებად არის საჭირო. ამიტომ აქ ჩვენ უნდა მივიღოთ კლასიკური და მართებული გადაწყვეტილება. მითუმეტეს, რომ დღეს რეგიონი და მსოფლიო სავსეა რისკებით და ჩვენ ამ ფონზე ექსპერიმენტები არ უნდა ჩავატაროთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის შესაძლებლობებზე და სისტემაზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატის თქმით, „ახალ კანონპროექტში შემოთავაზებული მოდელით, კონტროლში ჩართულია სასამართლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი და ნდობის ჯგუფი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი“.
„თუ თქვენ გინდათ, რომ რომელიმე სხვა ორგანიზაციას გავაკონტროლებინოთ დამატებით ეს ფუნქციონალი, მაშინ უნდა აგვიხსნათ კარგად ეს ნამდვილად ემსახურება ჩვენს ინტერესებს, თუ ეს არის სხვა, ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი. რაც მაშფოთებს პირადად მე ვერ მოვისმინეთ მთლად ნათელი არგუმენტები, რა მოდელი სურთ ოპონენტებს. რაზეც არის საუბარი ამის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. გასაღებების დათვლაც არის ძალიან ზედაპირული მიდგომა ზოგიერთი კრიტიკოსის მხრიდან. ჩართულია ის ორგანოები, რაც საჭიროა რომ იყოს ჩართული, ხელისუფლების შტოებზე გითხარით და კონტროლის მექანიზმები, ნამდვილად, უმჯობესდება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საპარლამენტო კონტროლი როგორ განვახორციელოთ ეფექტურად, ვიმსჯელოთ, დღეს არ მთავრდება ეს პროცესი“, – მიმართა ოპოზიციურ ფრთას უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, „ეს მოდელი უზრუნველყოფს ბალანსს, მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყნები, ბრიტანეთი, ბელგია, საფრანგეთი, რეგულაციებს ამკაცრებენ, იქ მთავრობები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ, ვკეკლუცობთ და გვინდა, რომ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გამოვჩნდეთ და მსოფლიოს დავუმტკიცოთ რომ ჩვენი ფარული საგამოძიებო მოქმედებების სისტემა იმდენად გახსნილია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩართოს შიგნით თავისი არხი, მოუსმინოს და გააკონტროლოს ეგებ ვინმე, ხომ არ ახორციელებს უკანონო საგამოძიებო მოქმედებას“.
კანონპროექტის თანახმად, ქვეყანაში ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი უწყება – “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო” შეიქმნება.
ახალი უწყება იურიდიულად სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება და მას მობილური ოპერატორების შემოწმების უფლება ექნება მინიჭებული.
კომენტარები