შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”საოცარი დღეები გავატარეთ სამეგრელოსა და სვანეთში. ჩემდა სამწუხაროდ, პირველად მომიწია ამ მხარეში ყოფნა და უკან გაორებული ემოციებით დავბრუნდი. უკეთ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ ქვეყანას, მხარეებს და იმ ხალხის საჭიროებებს, ვინც დღემდე რეგიონში ცხოვრობს.
ჩვენი ფონდის ორგანიზებით, ამჯერად ზუგდიდსა და მესტიაში გვინდოდა მოზარდები გაგევხარებინა. ჩვენთან ერთად იყო თემურ ქეცბაია, რომელიც სიხარულით ჩაერთო ამ პროექტში და ბავშვებმაც, დიდებმაც, ნებისმიერმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მისი დანახვით, მასთან საუბრით დიდი სიამოვნება მიიღო. სკოლებმა და მოზარდებმა მიიღეს წიგნები და სპორტული ინვენტარი. პარტნიორობისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ეროვნულ ბიბლიოთეკას, გამომცემლობა არტანუჯს და მასწავლებლის სახლს.
ზუგდიდში გავხსენით სკვერის ბიბლიოთეკა, ვესტუმრეთ ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკას, მე-5 საჯარო სკოლას, შევხვდით სკოლის მოსწავლეებს, სხვადასხვა თაობის მოზარდებს. გავეცანით დადიანების საოცარ სასახლეს, მის ისტორიას და იმ შესანიშნავ ნიმუშებს, რომელსაც ეს სასახლე ინახავს. ასეთი ადგილების ნახვა გვარწმუნებს და შეგვახსენებს, რომ ჩვენ არსად გარდა დასავლური ცვილიზიაციისა, ადგილი არ გვაქვს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მასპინძლობისთვის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს, რომელთან ერთადაც მოვინახულეთ მშენებარე საკათედრო ტაძარი და გავიცანით ადგილობრივი გიმნაზიის ასობით მოზარდი. ჩანს, რომ მისმა მოღვაწეობამ ამ რეგიონს საკუთარი კვალი დაატყო და მადლობა მას ამ თბილი მიღებისთვის.
მესტიაში სტუმრობაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. შევხვდით მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სოფელ იდლიანის მაცხოვრებლებს. ვნახეთ მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საოცარი მემკვიდრეობით და ნიმუშებით.
ზუგდიდში ერთ-ერთი შეხვედრისას აღნიშნეს, რომ დასავლეთში სამეგრელოს და ზუგდიდს, აღმოსავლეთში კი გორს და მის მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რა თქმა უნდა ასეა – ამ ქალაქების განვითარების მაგალითზე, უფრო გასაგები იქნება აფხაზებისთვისა და ცხინვალში მაცხოვრებლებისთვისაც, როგორ ქვეყანას ვაშენებთ, როგორ გვინდა განვითარება და რატომ არ აქვს ალტერნატივა ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმას.
აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროექტს – სხვადასხვა დროს, სოციალური აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა სპორტსმენებთან ერთად ყველა მხარეში შევხვდებით მოზარდებს და გავიგებთ მათ მთავარ საჭიროებებს.”