საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“-ს მიერ გავრცელებულ კვლევას და მის საფუძველზე პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს, რომლებიც მსუბუქი ავტომანქანების რეექსპორტის მიმართულებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს ეხება.
https://ifact.ge/sankcirebuli-avtomobilebi-sakartvelodan-rusetamde/
“პირველ ყოვლისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ ე.წ. კვლევაში გამოთქმული ბრალდებები არის უსაფუძვლო და მხოლოდ და მხოლოდ ეყრდნობა ავტორის მიერ გამოთქმულ ვარაუდებსა და ეჭვებს. კვლევაში არ არის წარმოდგენილი არცერთი სარწმუნო არგუმენტი ან/და დოკუმენტი. შედეგად, ცხადია, რომ ამგვარი კვლევის მომზადების მთავარი მიზანი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებაა.
კიდევ ერთხელ, ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.
აშშ-ს, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და იაპონიის მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება იმ ფორმით და იმ პროცედურით, რასაც თავად მოიცავს დაწესებული სანქციები და შესაბამისი პროცედურების შესახებ, ინფორმირებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
დღეის მონაცემებით, აქტიურია რისკის 36 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 1795 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც.
აღნიშნული შეზღუდვა, უწყების მხრიდან მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას ექვემდებარება. ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილების, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტულად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, შემოსვლისას, მკაცრად კონტროლდება შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ რომელი ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილდება აღნიშნული სატრანსპროტო საშუალება.
დღეის მდგომარეობით მოქმედი შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან/პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან მიმართებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის.
დაინტერესებული პირებისთვის, კიდევ ერთხელ, ვაქვეყნებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ ბმულებს.
ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ ქვემოთ მოყვანილი ოფიციალური წყაროებიდან და იმ შემთხვევაში თუ დამატებითი შეკითხვები იქნება აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, განმარტებისთვის მიმართონ სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
ევროპიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02014R0833-20231001
აშშ-დან რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონელი:
https://www.ecfr.gov/current/title-15/subtitle-B/chapter-VII/subchapter-C/part-746/appendix-Supplement%20No.%205%20to%20Part%20746
ბრიტანეთიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი:
https://www.legislation.gov.uk/uksi/2019/855/data.xht?view=snippet&wrap=true
ბრიტანეთიდან ბელარუსში სანქცირებული საქონელი:
https://www.legislation.gov.uk/uksi/2019/600
კანადიდან რუსეთში სანქცირებული საქონელი:
https://laws.justice.gc.ca/eng/regulations/sor-2014-58/fulltext.html
იაპონიიდან რუსეთსა და ბელარუსში სანქცირებული საქონელი:
https://sanctionsnews.bakermckenzie.com/japan-announces-which-items-will-be-subject-to-the-ban-on-exports-of-luxury-goods-to-russia/?fbclid=IwAR1U_zSS5X5ghdUe8JPU7oSLcKWM5r7PGshlIuve2piz2h7vXX7C2XBOHNU,” – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.