ისე უნდა გავაკეთოთ, რომ უფლებების დაცვის ხარისხი მაღალ რეგისტრში ავიდეს, მაგრამ კატეგორიულად და პრინციპულად გამორიცხოს ლგბტ პროპაგანდის შესაძლებლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი დაუპირისპირდება არა ლგბტ თემის წარმომადგენლებს, არამედ ამ საკითხის პროპაგანდას.
„ძირითადად აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებზე და სხვა საკითხებთან ზედმეტ ჩაღრმავებას არ ვაპირებთ. რადგან ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების ავანგარდში ეს თემა დგას, ამ თემას განსაკუთრებით ვუპირისპირდებით. ვუპირისპირდებით ლგბტ იდეოლოგიის პროპაგანდას და არა ამ თემის წარმომადგენლებს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არცერთ არატრადიციული ცხოვრების წესის მიმდევარს კი არ ვუპირისპირდებით, ჩვენ მათ დავიცავთ. ჩვენ ამ თემაში ოქროს შუალედში უნდა გავიაროთ და ისე უნდა მოვარგოთ თითოეული ნორმა, ფრაზა რეალურ მიზანს, რომ ვერცერთმა რადიკალმა, ვერც რადიკალური კონსერვატიზმის ან რადიკალური ლიბერალიზმის რომელიმე მიმდევარმა ვერ უნდა ისარგებლოს ვერცერთი მიმართულებით. არა თუ აგრესიის მსხვერპლი გახდეს ადამიანი, პირიქით, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ უფლებების დაცვის ხარისხი მაღალ რეგისტრში ავიდეს. მაგრამ კატეგორიულად და პრინციპულად გამორიცხოს ლგბტ პროპაგანდის შესაძლებლობა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.