ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, #9-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა.
“დადებითად ვაფასებთ, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. ჩვენს ინტერესებშია გამოძიების ობიექტური და სრულყოფილი ჩატარება. არსებობს ბევრი კითხვა და დღეისთვის ვერ მოხერხდა ამ კითხვების დასმა. კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს სხვადასხვა ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მოსმენა და დაკითხვის პროცედურები უნდა გაგრძელდეს, დღეისთვის რაიმე შეფასების გაკეთება არასერიოზულია. პირველივე შესაძლებლობისთანავე გაგრძელდება ბრალდებულის დაკითხვა. ეს შეიძლება იყოს ხვალ, ეს შეიძლება იყოს ზეგ”, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.