ვინმე თუ არ უწყობს ხელს სომხეთის უსაფრთხოებას, ეს რუსეთია, – ამის შესახებ სომხეთში საფრანგეთის ელჩმა, ოლივიე დეკოტინიმ სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
ფრანგი დიპლომატის თქმით, როდესაც სომხეთს დახმარება სჭირდებოდა, რუსეთი არ იყო ადგილზე და და დასავლეთი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციას, მრავალ ინიციატივას და სხვადასხვა ქვეყანას, მოდის სომხეთის საშველად და ეს დადებითი მოვლენაა.
მოსკოვში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი და საფრანგეთი პრაღაში იმგვარად მოიქცნენ, რომ სომხეთმა უარი თქვა ყარაბაღზე და რუსეთი იძულებული გახდა, დათანხმებულიყო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, დეკოტინიმ აღნიშნა: „ეს ნამდვილად იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ემორჩილება ევროპის ან დასავლეთის ნებას. გასაკვირია, რომ ზახაროვა ამაზე საუბრობს. მოხდა ის, რომ აზერბაიჯანმა შეთანხმება როცა დაარღვია, რუსეთმა, რომელიც იყო ცეცხლის შეწყვეტის გარანტი, არ ითამაშა გარანტორის როლი. ლტოლვილები მთიანი ყარაბაღიდან წავიდნენ ცხრათვიანი ბლოკადისა და სასტიკი სამხედრო თავდასხმის შემდეგ. ევროპელებმა არ მოაწყვეს ეს ბლოკადა, ევროპელებმა არ განახორციელეს ეს სასტიკი სამხედრო თავდასხმა“.
ფრანგმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საფრანგეთის ელჩის განცხადებით, ბოლო წლებში სომხეთი ევროპას მიუბრუნდა დემოკრატიის განმტკიცებით, კანონის უზენაესობის განვითარებით, თავისი თამამი გადაწყვეტილებით, როგორიცაა რომის სტატუტის რატიფიცირება.