იმის ფონზე, რომ რუსეთი აძლიერებს საჰაერო დარტყმებს და კვლავ წინ მიიწევს ბრძოლის ველზე, მისი სისხლისმღვრელი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, ბრძოლას დასასრული არ უჩანს, ხოლო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვარიანტები იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ცუდსა და უარესს შორის მერყეობს, – წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი.
„ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისათვის მისაღებია ყველა ტერიტორიის დაბრუნება, მათ შორის იმ მიწების დაბრუნება, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს 2014 წლიდან. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრონტის ხაზი ოდნავ შეიცვალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ტერიტორიების, რომელიც ახლა რუსეთს აქვს ოკუპირებული – ქვეყნის დაახლოებით 20 პროცენტი – სამხედრო გზით დაბრუნება სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები პოლიტიკურად ტოქსიკურია, რადგან უკრაინის საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერიტორიების დათმობას.
„იმის ფონზე, რომ ბრძოლა ახლა ჩიხშია, უკრაინელები ყოველდღიურად იღუპებიან ბრძოლის ველზე. მაგრამ რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინელები ამბობენ, რომ ეს რუსებს მისცემს დროს ძალების შესავსებად“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ზელენსკი დიდწილად ჩიხშია, ვინაიდან შეერთებული შტატების დახმარება თვეების განმავლობაში შეჩერებულია კონგრესში „რესპუბლიკელების“ მიერ.
„როგორ გამოვა ზელენსკი ამ სიტუაციიდან? წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა, რომელმაც სტატიისთვის გამოკითხული სხვა ოფიციალური პირებისა და დიპლომატების მსგავსად ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა გაზეთ The Washington Post-ს განუცხადა, რომ ზელენსკისთვის ყველაზე რთული იქნება საკუთარი ქვეყნის მოლოდინების მართვა.
„უკრაინელებს შორის მისი მხარდაჭერა კვლავ მაღალია, მაგრამ ორწლიანი ომისა და დიდი მსხვერპლის შემდეგ, სოლიდარობა სუსტდება“, – აღნიშნა დიპლომატმა.
ტიმოფი მილოვანოვი, კიევის ეკონომიკის სკოლის პროფესორი და უკრაინის მთავრობის ყოფილი მინისტრი, აცხადებს, რომ ბრძოლა შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის ასევე მოუწევს შეასრულოს საკუთარი დაპირება, დააბრუნოს უკრაინა 1991 წლის საზღვრებში, მათ შორის ყირიმის ჩათვლით.
„ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ ეს არარეალურია“, – აღნიშნა უკრაინელმა კანონმდებელმა.
„პესიმიზმი ბრძოლის ველზე უკრაინის შანსებთან დაკავშირებით ბოლო თვეებში გაიზარდა, რადგან რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა ბრძოლის ველზე, ძირითადად იმის გამო, რომ უკრაინელებს არ ჰყავთ სამხედროები და საბრძოლო მასალის დეფიციტს განიცდიან”, – ნათქვამია სტატიაში.