საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა კვლავაც დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.
„დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას, ისევე როგორც მათ სიმამაცესა და თავგანწირვას. ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ მისწრაფებამ და სიმტკიცემ მოუპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს. ლიეტუველები, როგორც თავადაც თავისუფლების მოყვარე ხალხი, მიიჩნევენ, რომ ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული თვისება აახლოებს ჩვენს ერებს ერთმანეთთან. საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს ლიეტუვა კვლავაც დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს რა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც, როგორც 1989 წელს, ისე ახლაც, რუსული იმპერიალიზმის სამიზნეს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.