განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „დღის ქრონიკაში“ განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„სწორედ ახლა ვიმყოფები ლონდონში, მსოფლიო განათლების ფორუმზე, სადაც ხდება იმ გამოწვევების განხილვა, რაც უმაღლესი განათლების კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს. ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს შევთავაზოთ ზუსტად იგივე დონის განათლება, რომელიც შესაძლებელია მიიღონ ლონდონში, ვაშინგტონში, თუ ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. კონკრეტული წარმატებებიც გვაქვს. დღეს 30-მდე პროგრამა გვაქვს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამები ხორციელდება და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას აგრესიულად, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ვაგრძელებთ. 4 მილიონი დოლარის გრანტები დავარიგეთ უნივერსიტეტებისთვის, რომ მათ თავიანთ პარტნიორ ევროპულ, თუ ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად შექმნან და განახორციელონ ერთობლივი და ორმაგი დიპლომების პროგრამები და იგივე დიპლომები შევთავაზოთ ჩვენს სტუდენტებს თბილისში.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი დავაინტეგრიროთ როგორც სასკოლო განათლებაში, ასევე უმაღლეს განათლებაში. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯებს გადადგმას ვიწყებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შეხვედრა მექნება შესაბამის კომპანიებთან იქნება ეს „გუგლის“ წარმომადგენლები, თუ სხვა, ვინც დაგვეხმარებიან, რომ თანამედროვე პროგრამები შემოვიტანოთ განათლებაში და დავნერგოთ. მინდა მათ, ვინც წელს გახდება სტუდენტი, ვუთხრა, რომ დაწყებული გვაქვს ონლაინ და დისტანციური განათლების საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც ახლა პარლამენტშია და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება კანონის ცვლილება, სადაც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას გავაჩენთ.
ჩვენ დავიწყეთ კომპლექსური, ღრმა ზოგადი განათლების რეფორმა. უამრავი ცვლილება გვაქვს ზოგად განათლებაში. შეიცვალა ე.წ. ეროვნული სასწავლო გეგმა. მასწავლებლებს მიეცათ მეტი აკადემიური თავისუფლება, რომ თავისი ინტერესებით და ინდივიდუალური მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე დაგეგმონ სასწავლო პროცესი, შეფასების სისტემა. რაც შეეხება მხარდამჭერ ღონისძიებებს სამინისტროდან ეს უწყვეტად გაგრძელდება, რათა ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკაცია იყოს ამაღლებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც ახლო პერიოდში პარლამენტი დაამტკიცებს, ეს არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც 20 წელია არ განახლებულა. ჩამოყალიბდა ახალი საფუძვლები, თუ რაზე უნდა დაშენდეს ზოგადი განათლება. განახლდება თითოეული სახელმძღვანელო, რომლის პროცესი უკვე სამინისტროში დაწყებულია. ამიტომ, ჩვენს მოსწავლეებს ბევრი სიახლე ელით.
დაახლოებით 200-ამდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე წლის სექტემბერში ბევრი მოსწავლე სრულიად ახალ, განახლებულ სკოლაში შეხვდება“, – აღნიშნა მინისტრმა.