იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა მეუღლესთან ერთად, უცხოელი დიპლომატები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე საქართველოსა და იაპონიის ჰიმნები ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ბასიანმა“ შეასრულა. 1 000-მდე სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა ანსამბლ „ბასიანისთვის“ და ენახა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ქორეოგრაფიული ნომრები.
როგორც ცნობილია, 15-16 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პირველად იმართება „საქართველოს დღეები იაპონიაში“. ღონისძიებებში 100-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობს. იოიოგის პარკში ორი დღის მანძილზე ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. ჩატარდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა. დაგეგმილ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ექნებათ. იაპონიაშია ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძეც (ტოჩინოშინი). ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და იაპონელი სპორტსმენებიც.
„საქართველოს დღეები იაპონიაში“ დღე გაიხსნება. გაიმართება იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების – „იაპონელებისა“ და „საფირონების“, ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „ამფორას“ კონცერტები და მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა; მოეწყობა ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.); ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატეში, ხრიდოლში. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს დადგმებს – „შენ ხარ ვენახი“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა“. საღამო გაგრძელდება საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ბასიანისა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტით.
16 ივნისს კვლავ გაიმართება ანსამბლების – „იაპონელებისა“ და „საფირონების“ კონცერტები, მელიტა ლომაძის სტუდია „მელიტა დანს სტუდიოს“ წარმოდგენა, ქართველ რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა (მინანქარი, ოქრომჭედლობა, თექა, ბატიკა, ლურჯი სუფრები, ფაფახები, ხევსურული ნაქარგობა და სხვ.) და შეჯიბრებები მკლავჭიდში, კარატეში, ხრიდოლში. ასევე, გაიმართება იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტი. კულტურის დღეები დასრულდება ეთნოჯაზბენდ „ირიაოსა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტით.
ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სპორტული კავშირების გამყარებას, ქართული კულტურისა და სპორტის ტრადიციების გაცნობას იაპონელი ხალხისა და იქ მცხოვრები ქართველებისათვის.
ღონისძიებებზე დასწრება უფასოა. იაპონიაში საქართველოს დღეების პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo/?fbid=769973725318652&set=a.230957325886964