მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები გაიყვანეს – ამ წუთებში მათი დახლების სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა მათ დედაქალაქის სხვადასხვა სავაჭრო ტერიტორიაზე ადგილები შესთავაზა.
თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები სავაჭრო სივრცეების ადმინისტრაციებთან უკვე შედგა და გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ გარკვეული პერიოდი მათთვის გამოყოფილ ადგილებზე უფასოდ იმუშაონ.
„მათ გარკვეული პერიოდი ექნებათ საშეღავათო პერიოდი, ასე ვთქვათ და მათ თანხას არ გადაახდევინებენ და ეს არის კეთილი ნების გამოვლინება იმ სავაჭრო სივრცეების ხელმძღვანელების, რომლებიც კონკრეტულად პიროვნებებს დაუკავშირდებიან, ვინც მათ მიაკითხავს და მათ ხელშეკრულებებს დაუდებენ. ეს სავაჭრო სივრცეები მათ ელოდებათ და სჯობს რაც შეიძლება მალე მათ მიაკითხონ. ისინი არაკანონიერად იკავებდნენ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილს თბილისის გულში, ამიტომ, ეს მოულოდნელი არავისთვის არ უდნა ყოფილიყო,“ – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მარჯანიშვილის მეტროსთან ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მერიის უსაფრთხოების სამსახური.
გარემოვაჭრეების გაყვანა ტერიტორიიდან დილის 06:00 საათზე დაიწყო.