დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე ჩაინიშნა.
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებაზე დაკმაყოფილდა და საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია 2 თვეში ერთხელ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადასინჯოს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვით განისაზღვრება.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები მამა გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. თავის მხრივ, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
