სასამართლო ფონიჭალაში მოკლული დედისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს. მოკლულის მეუღლე უკვე დაიკითხა.
საქმეზე გიორგი ხაბელაშვილია ბრალდებული, რომელიც, როგორც მოწმის ჩვენებით ირკვევა, მათ ოჯახთან ახლობლობდა.
მოკლულის მეუღლემ ოთარ მამფორიამ განაცხადა, რომ გიორგი ხაბელაშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას და მის ძმას ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან ის აზარტული თამაშებით იყო გატაცებული.
პროკურორის კითხვაზე, იცოდა თუ არა ხაბელაშვილმა რომ მამფორია ოჯახში თანხას ინახავდა, რომელსაც ბინის შესაძენად აგროვებდა, მოწმემ განაცხადა, რომ ხაბელაშვილმაც და მისმა ახლობლებმაც იცოდნენ ამის შესახებ.
„კაპიკს კაპიკზე ვაგროვებდი, ბინის ყიდვა მინდოდა. ამის შესახებ იცოდნენ, ჩემმა ძმამ ჩემმა რძალმა, ცოლის ძმებმაც, მათ შორის იცოდა გიორგი ხაბელაშვილმაც. გიორგი ხაბელაშვილს უთქვამს ზაზა ლურსმანაშვილისთვის, რომ თუ ქალმა მიცნოო, ეს ქალი უნდა მოვკლაო. თავიდან მიდიოდნენ ეს ორნი – ზაზა ლურსმანაშვილი და გიორგი ხაბელაშვილი, ეს რომ გაუგია ზაზა ლურსმანაშვილს უთქვამს, მე არ წამოვალო. შე არაადამიანო, როგორ შეეხე ჩემს მარიამს, როგორ შეეხე შენი ბინძური ხელებით“, – განაცხადა მოწმე ოთარ მამფორიამ.
მოკლულის მეუღლემ დღევანდელ პროცესზე დაკითხვის შეწყვეტა მოითხოვა რადგან ის მისი 3 წლის შვილზე საუბრისას შეუძლოდ გახდა.
