იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პოლიციის დღე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. მინისტრმა პროფესიული დღესასწაული პოლიციელებს პირადად მიულოცა და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს ამ დღის აღსანიშნავად სპეციალური ჯილდოები გადასცა.
თეა წულუკიანმა აღსრულების ბიუროს 19 პოლიციელს სპეციალური სახელმწიფო წოდება მიანიჭა, ხოლო 10 პოლიციელს განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში პოლიციის დღესთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში აღსრულების პოლიციის გადამზადებისა და ტექნიკური გადაიარაღების კუთხით განხორციელებული ცვლილებების ამსახველი ფოტო მასალა გამოიფინა. დღესვე წარმოდგენილი იყო ბიუროს ახალი შენობის პროექტი, რომლის მშენებლობის დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. აღსრულების ბიუროს თანამშრომლები უკვე სარგებლობენ საგანგებოდ მათთვის შექმნილი ბრენდირებული ფორმებით, ავტომანქანებით და ტექნიკური აღჭურვილობით. პოლიციელებმა ბოლო წლების განმავლობაში გაიარეს სპეციალური სამართლებრივი და ფიზიკური გადამზადება. კანონის აღსრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით აღსრულების 40 პოლიციელი ახორციელებს.
დაჯილდოების ცერემონიას იუსტიციის მინისტრთან ერთად, მისი მოადგილეები: მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.