გერმანელ სამხედროებს თუ ნახავთ, არ შეგეშინდეთ, ისინი აქ სტიქიასთან გამკლავებაში დასახმარებლად არიან, – ასე იხუმრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად გერმანიის მიერ შემოთავაზებულ დახმარებასთან დაკავშირებით.
ტუსკის თქმით, გერმანიამ პოლონეთს დასახმარებლად სამხედროების გამოგზავნა შესთავაზა.
პარტნიორების მხრიდან დახმარებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვროცლავში კრიზისული შტაბის შეხვედრაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები უკვე ეხმარებიან წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ დასახლებას სამხრეთ პოლონეთში. გერმანიის გარდა, ანალოგიური დახმარება პოლონეთის ხელისუფლებას თურქეთმაც შესთავაზა.
„შემიძლია დავადასტურო, რომ 30 ამერიკელი სამხედრო მუშაობს ჟაგანში. ეს არის ჟესტზე მეტი, ეს არის პრაქტიკული დახმარება“, – აღნიშნა ტუსკმა.
დღეს ვროცლავში სტიქიის შედეგად დაზარალებული ქვეყნების – სლოვაკეთის, ავსტრიისა და პოლონეთის ლიდერები ვროცლავში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდებან, რათა განიხილონ სტიქიაზე რეაგირების გზები.