არჩევნების ბედს საქართველოში წყვეტს ქართველი ხალხი. ვერ გადაწყვეტს მის ბედს ვერც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ვერც ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები და ვერც მოსკოვსა და პეკინს ექნება რაიმე ზემოქმედების საშუალება. ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, კეთილი ინებოს ყველამ და ეს გადაწყვეტილება მიიღონ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“
წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო გახარია-ხაზარაძის კოალიციის შექმნა, რაც ვერ მოხერხდა და ეს ინიციატივა ჩავარდა, გარე ძალებს ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, რატომ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ იგივე განწყობა იქნებოდა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით.
„სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის გარედან დავალება აქვს მიღებული. ის ცდილობს რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად შექმნას წინასაარჩევნოდ ისეთი განწყობა და განცდა, რომ ოპოზიციას რაიმე „ფსევდო შანსი“ გააჩნია არჩევნების მოგების და როგორმე მოხდეს ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება. ფანტაზიების ლაბირინთშია ეს ქალბატონი ჩაკარგული თავის რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად. სინამდვილეში ეს არის მათთვის წაგებული თამაში, რაც ძალიან კარგად იციან. ცდილობენ, რომ 27 ოქტომბრისთვის შეიქმნას ქვეყანაში ვითარება და შეძლონ მოსახლეობის მცირე ნაწილის მაინც მოტყუება და რადიკალური მიზნებით ქუჩაში გამოყვანა, რაც არ გამოუვათ. არჩევნების ბედს საქართველოში წყვეტს ქართველი ხალხი. ვერ გადაწყვეტს მის ბედს ვერც ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, ვერც ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილებები და ვერც მოსკოვსა და პეკინს ექნება რაიმე ზემოქმედების საშუალება. ქართველი ხალხი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, კეთილი ინებოს ყველამ და ეს გადაწყვეტილება მიიღონ, დაეთანხმონ, იმ ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ, რომელიც ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული იქნება. „ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც ეყოლება საქართველოს 26 ოქტომბრის შემდგომ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.