ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახისთვის დაცვის მოხსნას მოითხოვს, – ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობისას ერთ-ერთ მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს. ვინაიდან დეკანოზს სურს, რომ სასამართლო პროცესები იყოს ღია და საჯარო, ადვოკატის თქმით, ბრალდებული მოითხოვს მისი ოჯახისთვის დაცვის ღონისძიების მოხსნას და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას ხვალ მიმართავენ.
”ხვალ შევიტანთ პროკურატურაში განცხადებას, რომ მისი ოჯახის წევრებს მოეხსნათ დაცვა. როდესაც წინასასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობა იხილებოდა, ერთ-ერთი საფუძველი, რომ სასამართლო პროცესი ყოფილიყო დახურული და არა საჯარო, იყო ის, რომ მამა გიორგის ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა დაცვის ღონისძიება. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ამ ერთ პირობას, რა დროსაც მოსამართლეს შეუძლია საჯარო სხდომა დახურულად გამოაცხადოს. მამა გიორგის უნდა სხდომა იყოს საჯარო. ის დარწმუნებულია, რომ ამ მიზეზით პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას სხდომის დახურვის შესახებ”, – განაცხადა რამიშვილმა.
