დონალდ ტრამპმა და ჯასტინ ტრუდომ შეხვედრა გამართეს. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა.
„ჩვენ განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოითხოვს ორივე ქვეყნის ერთობლივ მუშაობას ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მაგალითად, როგორებიცაა ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელმაც, არალეგალური იმიგრაციის შედეგად, ბევრი სიცოცხლე გაანადგურა, სამართლიანი ვაჭრობის შეთანხმებები. ტრუდომ აიღო ვალდებულება, ითანამშრომლოს ჩვენთან, რათა დასრულდეს აშშ-ის ოჯახების განადგურება“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელოდება ტრამპთან თანამშრომლობას.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მკვეთრად გაზრდის ტარიფებს მექსიკიდან, კანადიდან და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე. ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს საპასუხო ზომას არალეგალურ იმიგრაციასა და საზღვარზე „დანაშაულისა და ნარკოტიკების“ შემოდინებაზე.