ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელისუფლების მიზანს მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი პროგრესისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გვერდში დგომას.
მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან.