სხვადასხვა აქტორისგან ვხედავთ მცდელობებს, ეუთო/ოდირის რეპუტაცია სხვაგვარად იყოს წარმოჩენილი, ოპოზიციისგან არ წყდება ხოლმე შეტევები, თუ ისინი არ მოისმენენ იმას, რაც მათ ინტერესშია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„იცით, რომ ეუთო-ოდირის მისია იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა მიმდინარე არჩევნებს. ბევრმა ჩემმა კოლეგამ ისიც აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად ხდება, დამკვირვებლები არ აფიქსირებენ რაიმე წუხილს არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა დაუსაბუთებელი გზავნილების გაჟღერებაც ძალიან ხშირია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის დასკვნები, რომლებიც გაკეთდება ეუთო-ოდირის მიერ, იყოს დასაბუთებული და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციებზე მუშაობა, რომლებიც იქნება გაცემული ეუთო-ოდირის მიერ.
ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა აქტორის მხრიდან მცდელობებს, რომ ამ ორგანიზაციის რეპუტაცია სხვაგვარად იყოს წარმოჩენილი, ჩვენ ამას ვხედავთ ქვეყნის შიგნითაც, პოლიტიკოსების მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან არ წყდება ხოლმე შეტევები, თუ ისინი არ მოისმენენ იმას, რაც მათ ინტერესშია. ეს აზიანებს საბოლოო ჯამში ორგანიზაციასაც, ორგანიზაციის რეპუტაციასაც და მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როდესაც იქნება საბოლოო დასკვნა, რომ რეკომენდაციებზე ერთად ვიმუშაოთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.