ჩვენ შევძელით, ქვეყანა ქარიშხლებში უვნებლად გამოგვეტარებინა და თან ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპაში წამყვანი ქვეყანა გავხდით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კვლავ იქნება ორიენტირებული საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან კავშირების გაძლიერებაზე.
„ბოლო წლების განმავლობაში, ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებით აღსავსე რეგიონში ჩვენმა ხელისუფლებამ, თქვენი აქტიური მონაწილეობით, შეძლო უამრავი ურთულესი საფრთხის მოგერიება, წინასწარი განზრახვით ჩადებული თუ საერთაშორისო ვითარებით განპირობებული ნაღმების გაუვნებელყოფა. ჩვენ შევძელით ქვეყანა ქარიშხლებში უვნებლად გამოგვეტარებინა და თან ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპაში წამყვანი ქვეყანა გავხდით. უსაფრთხოების გამოწვევები არსად წასულა. ამიტომ, ქვეყნის წინაშე ჩვენი ვალია, ეროვნული ინტერესების დაუზიანებლად და თავდაუზოგავად შევძლოთ საქართველოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერება და განმტკიცება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს საქართველოს მდიდარი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიღწევების მსოფლიოსთვის გაცნობა, ეკონომიკის, კულტურისა და სპორტული მიღწევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფართოდ გატანა.
„მეორე მხრივ, ძალიან დიდია თქვენი როლი სხვა ქვეყნებში არსებული კარგი პრაქტიკის ჩვენი ქვეყნისთვის გაზიარებასა და დანერგვაში. სამომავლოდ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტი დიდ ძალისხმევას მიმართავს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებზე, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, რითაც არაერთხელ დაგვიდასტურებია და კვლავაც დავადასტურებთ, რომ საქართველო წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს და ასრულებს იმ „საშინაო დავალებას“ რომელიც ნამდვილი ევროპული ინტეგრაციის საფუძველია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.