ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციაზე, ამას ბევრი მიზეზი აქვს მათ შორის რატომაც არის აკრძალული ევროპაში ნიღბების ტარება. გამოდის, რომ თქვენ ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს – მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს, რომელმაც შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, არის თუ არა აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვა რეპრესიული ნაბიჯი.
მან ასევე ისაუბრა, აქციებზე სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ცრემლსადენი გაზის ჩართვა ხდება იმ შემთხვევაში თუ აქცია გასცდა კანონიერ ჩარჩოებს.
„როცა ცრემლსადენი გაზის გამოყენება ხდება, ხდება იმის გამო, რომ აქცია გასული არის კანონიერი ჩარჩოებიდან. შესაბამისად, როცა ხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა და გადავიდეს შეტევაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.