როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა „რესპუბლიკელ“ მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტისას განუცხადა.
„როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა „რესპუბლიკელ“ მინისტრებთან, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე, ასევე იმაზე, როდის ჩაერთვებიან ისინი აქტიურად წინასაარჩევნო კამპანიაში. ბუნებრივია, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მოითხოვს სავარაუდოდ მათი მხრიდან მინისტრის პოსტების დატოვებას, თუმცა ეს კონკრეტიკაში, თითოეულ მინისტრთან მიმართებაში გადაწყდება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელი უნდა გაემგზავროს ვარშავის სამიტზე. მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ ერთად გავიარეთ და მისი დასწრება ვარშავის სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ, ვნახოთ, ამაზე ვისაუბრებთ და ცივილიზებულად გადავწყვეტთ ამ საკითხს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.