გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელევიზიო დებატებისას „ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები, მათ შორის ეკონომიკური კრიზისი, ულტრამემარჯვენე პარტიის მზარდი გავლენა და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილეს“.
ულტრამემარჯვენე პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამშრომლობის საკითხზე საუბრისას ფრიდრიხ მერცმა განაცხადა:
„ჩვენ რადიკალურად განვსხვავდებით ფაქტობრივ საკითხებში: ევროპასთან, ნატო-სთან, რუსეთთან და ამერიკასთან დაკავშირებით. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ჩვენს კავშირს შორის არანაირი საერთო არ არსებობს“.
საპასუხოდ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა: „სამწუხაროდ, მე აღარ შემიძლია, დარწმუნებული ვიყო. მსურს, ვიყო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული“.
ამასთან, ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას ფრიდრიხ მერცმა ოლაფ შოლცის მთავრობა გააკრიტიკა.
„ბატონო კანცლერო, გაოცებული ვარ თქვენი აღქმით. გვყავს სამი მილიონი უმუშევარი მზარდი ტენდენციით. ბოლო 15 წლის განმავლობაში გაკოტრების უპრეცედენტო ტალღა გვაქვს. თქვენი მმართველობის პერიოდში 50 000-ზე მეტი კომპანია გაკოტრდა გერმანიაში, თითქმის ნახევარი – გასულ წელს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ნატო-ს დაფინანსებაზე საუბრისას მერცმა განაცხადა, რომ ჯერ – 2%-იანი და შემდეგ 3%-იანი მიზნის მიღწევაა საჭირო, რაზეც შოლცმა აღნიშნა, რომ ეს დამატებით 100 მილიარდ ევროს მოითხოვს.
გერმანელმა პოლიტიკოსებმა დებატებზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინის იმპერიულ ოცნებას ასობით ათასი რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა ან დაიჭრა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესში ტრამპის შესაძლო გავლენაზე დასმულ კითხვას ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ვნახოთ. მნიშვნელოვანია, აშშ-მა იგივე გააკეთოს, რაც ჩვენ. რუსეთს ნათლად დაანახოს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი დათმობაზე არ წავა“.
შოლცის თქმით, ტრამპთან საუბრის შემდეგ მას აქვს „იმედი, რომ ეს შესაძლებელია“. ამავე დროს, ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია კვლავ დარჩება უკრაინისთვის იარაღის „მეორე“ მიმწოდებლად.
პოლიტიკოსებს შორის მწვავე დისკუსია გაიმართა TAURUS-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების საკითხზე. შოლცმა კვლავ წინააღმდეგობა გამოხატა უკრაინისთვის TAURUS-ის გადაცემასთან დაკავშირებით. ფრიდრიხ მერცი არ დაეთანხმა კანცლერის განცხადებას პოზიციის ცვლილების შესახებ და აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა რაკეტების მიწოდების შესახებ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებას.
ომის შემდგომ უკრაინის დაცვის საკითხზე არცერთ პოლიტიკოსს მკაფიო ხედვა არ წარმოუდგენია. ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხოლო ნატო-სთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ომის მიმდინარეობისას ეს საკითხი არ განიხილება. ორივე პოლიტიკოსი თანხმდება, რომ უკრაინის ბედი უკრაინელების მონაწილეობის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.
ამასთან, შოლცმა და მერცმა მკაცრად გააკრიტიკეს ტრამპის განცხადებები ღაზის სექტორთან დაკავშირებით. „ეს სკანდალია. მოსახლეობის გადაადგილება მიუღებელია და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
„ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა კი ღაზის სექტორთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა: „ის პროგნოზირებადად არაპროგნოზირებადია. უმეტესობა იმისა, რასაც ახლა ამბობს, არ არის ახალი“.
დებატების დასკვნით ნაწილში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა ულტრამემარჯვენე პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაკავშირებით განაცხადა: „შოლცი როცა დაინიშნა თანამდებობაზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 10.3%-ზე იყო. ახლა, როცა შოლცი ტოვებს თანამდებობას, 20%-ზეა, რაც სერიოზული საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის“.
ამავე საკითხზე საუბრისას ოლაფ შოლცმა აღნიშნა: „ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა „ალტერნატივას გერმანიისთვის“ არ ჰქონდეს ღირებულება“.
მომდევნო დებატები 14 თებერვალს გაიმართება გაფართოებული შემადგენლობით, სადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „მწვანეების“კანცლერობის კანდიდატებიც მიიღებენ მონაწილეობას.