ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური ანგარიში იმ შეცდომებზე, რომლებმაც განაპირობა მათი მარცხი „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს, რამაც ღაზის ომი გამოიწვია. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვერ შეძლეს თავისი მისიის შესრულება ისრაელის მოქალაქეების დაცვის თვალსაზრისით. 19-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია სამხედროების დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორ არასწორად შეაფასეს „ჰამასის“ განზრახვები და შესაძლებლობები. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხედროები ღაზას მეორეხარისხოვან საფრთხედ მიიჩნევდნენ, უპირატესობას ანიჭებდნენ ირანსა და „ჰეზბოლას“.
2018 წლიდან არსებული მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებდა, რომ „ჰამასი“ – რომელიც ისრაელის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიერ ტერორისტულ ჯგუფად არის გამოცხადებული – მართლაც ავითარებდა ამბიციურ გეგმას, შეფასდა, როგორც „არარეალისტური ან განუხორციელებელი“, რაც ასახავდა „ჰამასის“ გრძელვადიან მისწრაფებებს და არა რეალურ საფრთხეს“.
„არ ყოფილა სიღრმისეული განხილვა იმის შესახებ, რა მოხდება, თუ შევცდებით? დროთა განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანი ნაპრალი „ჰამასის“ შესახებ სადაზვერვო შეფასებებსა და რეალობას შორის“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დასკვნების წარდგენის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ მომხდარზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას.
„მე ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. მე ვიყავი არმიის მეთაური 7 ოქტომბერს და მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და მე ასევე მაქვს თქვენი, ყველას, პასუხისმგებლობაც. ამას ჩემად მივიჩნევ და ჩემი ყოველი ბრძანების უკან, რომელიც არასწორად განხორციელდა, მეც ვხედავ პასუხისმგებლობის ჩემს წილს“, – განაცხადა ჰალევიმ.
გასულ თვეში ისრაელის თავდაცვის მეთაურმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა უფრო ფართო გამოძიების ჩასატარებლად, რაც, მისი თქმით, ისრაელს მომავალში მსგავსი თავდასხმის თავიდან აცილებაში დაეხმარებოდა.