ეს მაღალი დონის ვიზიტები აბსოლუტურ ისტერიკას იწვევს ოპოზიციად წოდებულ პოლიტიკურ სუბიექტებში. პოლიტიკურსაც ძნელად თუ დავარქმევთ. ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას.
„ამ მხრივ ვითარება რთულია, მაგრამ მთავარი თემა არის ის, რაზეც ისაუბრეს, რომელიც ეხება სამშვიდობო პროცესის განვითარებას საქართველოში. ყველა საკითხი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილეს ემსახურება ეროვნულ ინტერესს. ყველა საკითხთან მიმართებაში ჩვენს შიდა, მე-5 კოლონას გააჩნია ისტერიკული დამოკიდებულება და ეს შეხვედრაც, რომელშიც ზოგმა მიიღო მონაწილეობა, ზოგმა არა, არის ქაოსის, დაპირისპირების და იმ ბოროტი ზრახვების დემონსტრირება, რომელიც ამათ გააჩნიათ.
სამწუხაროა, მსოფლიოში მიმდინარე ურთულეს პროცესებს ემატება კიდევ ქვეყნის შიგნით ამ ადამიანების აქტივობები თუ ბოროტი განზრახვები. სალომე ზურაბიშვილი გამოდის და ამბობს, რომ უნდა შევქმნათ კომიტეტი, რომელიც არ მისცემს საშუალებას ამ ქვეყანამ ამოისუნთქოს.
საქართველოს პერსპექტივა გადარჩენის, სამშვიდობოზე გასვლის და განვითარების სახეზეა. მსოფლიო ბანკმა შეაფასა უმაღლეს დონეზე საქართველოს პერსპექტივა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ძალიან მაღალ შემოსავლიან ქვეყნად ვიქცევით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.