ევროკავშირი ამზადებს „გეგმა ბ“-ს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შესანარჩუნებლად იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია უარს იტყვის უკრაინასთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და შეეცდება მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას. ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, კაია კალასმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საკითხი ის არის, მოისურვებენ თუ არა თავად ამერიკელები წასვლას. ჩვენ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ ისინი განიხილავენ უკრაინის დატოვების შესაძლებლობას და არ შეეცდებიან რუსეთთან გარიგების მიღწევას, რადგან ეს ძალიან რთულია“, – აღნიშნა კაია კალასმა.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მოამზადა „გეგმა ბ“ რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი ივლისში სანქციების გახანგრძლივებას დაბლოკავს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრიორიტეტად რჩება ყველა წევრი სახელმწიფოს ერთიანობა.
„გეგმა ბ“ არსებობს, მაგრამ ჩვენ „გეგმა ა“-ზე უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მან.
მან დასძინა, რომ ბრიუსელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შეინარჩუნოს დასავლეთის სასანქციო რეჟიმი.
კალასმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გასვლის შემთხვევაში, ევროპას შეუძლია უკრაინის დახმარების დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება, თუმცა აღიარა, რომ „რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას, ამერიკელების ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, გაცილებით რთული იქნება“.