„გუშინ საქართველოს თავდაცვის ძალების დაფუძნების დღე იყო და მინდა მივულოცო თითოეულ ჯარისკაცს, ოფიცერს, გენერალს, სამშობლოს თითოეულ დამცველს, მათ, ვინც ყოველთვის იბრძოდა და იბრძვის სამშობლოსათვის ყველგან, სადაც ეს საჭირო იყო“, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა კოდორის ხეობა, მთელი აფხაზეთი და შიდა ქართლის გული – ცხინვალის რეგიონი – ჩააბარა მტერს უგუნურებით ან სულაც შეგნებული განზრახვით, ამას კი ნათელს სწორედ კომისია მოჰფენს.
„ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ოფიცრები აფხაზეთსა თუ ცხინვალის რეგიონში, 90-იან წლებშიც და 2008 წელსაც იცავდნენ სამშობლოს, იმ დროს, როცა სააკაშვილი და მისი რეჟიმის წარმომადგენლები სამშობლოს გაყიდვით იყვნენ დაკავებულები.
90-იან წლებში, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მოხალისეები იბრძოდნენ აფხაზეთში, მიხეილ სააკაშვილი გამოცდებს აბარებდა კგბ-ს უმაღლეს სკოლაში, კიევში. კგბ-ს უმაღლეს სკოლას რომ წარმატებით დაამთავრებ, ბუნებრივია, რომ მათი აგენტი ხარ. ამიტომაც გაყიდეს ასე ადვილად სამშობლო და ამიტომაც ჩააბარეს ასე ადვილად მტერს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
კომისიის გუშინდელ სხდომაზე გავიხსენე სააკაშვილის ინტერვიუ, სადაც მან 2011 წელს, ომის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ (ანუ, არა ცხელ გულზე, არამედ – კარგა ხნის შემდეგ), ჟურნალ The Independent-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ იმ ტერიტორიას, რომელიც დავკარგეთ, ნულოვანი ფასი აქვს და ეს არის ქვების გროვა, რომელიც ერთადერთი რამისთვის თუ გამოდგება, რომ ამ ტერიტორიიდან რუსეთმა დანარჩენ საქართველოს შეუტიოს…
გუშინაც ვთქვი, ჰკითხოს, ერთი, გენო პეტრიაშვილს, ჩვენს გმირ ოლიმპიელს და ჩვენს კოლეგას პარლამენტში, რომელიც იმ რეგიონიდან არის – მისთვისაც ქვების გროვაა ეს ტერიტორია თუ მისი სულისა და გულის ნაწილია? და თითოეული ჩვენგანისთვისაც ასეა. კოდორის ხეობა, აფხაზეთი მთლიანად, შიდა ქართლის ეს გული, სადაც საქართველოს ისტორია იჭედებოდა ყოველთვის – აი, ეს ტერიტორიები ჩააბარა სააკაშვილმა მტერს, მისი, სულ ცოტა, უგუნურებით და დიდი შანსია, რომ არა მხოლოდ უგუნურებით, არამედ, შეგნებული განზრახვით. ამას კი, გარკვეულწილად მაინც, ნათელს მოჰფენს კომისია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.