ერთ-ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ პუტინმა განაცხადა, რომ ის „მუდმივად“ ფიქრობს მემკვიდრეზე. ამან მისი ფანებისა და ოპონენტების ფანტაზიები გააღვიძა: „ახლა დაიწყება ხმაური – წავა თუ არა პუტინი?“. აჟიოტაჟის ფონზე, ისტორიკოსებმა სტალინის ხრიკი გაიხსენეს.
მცირე საბაბი, დიდი ეფექტი – მემკვიდრის შესახებ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში გაკეთებული ტრივიალური და ლაკონური კომენტარით, ვლადიმერ პუტინმა დისკუსიის პროვოცირება მოახდინა. კითხვაზე „რა იქნება მის შემდეგ“, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ამომრჩევლებზეა დამოკიდებული.
„ადამიანს, რომელიც მოსახლეობის ნდობით არ სარგებლობს, სერიოზული წარმატების მიღწევის მცირე შანსი აქვს. ეს აბსოლუტურად ნათელია“, – თქვა პუტინმა: „ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ – და მე ამაზე სულ ვფიქრობ – ბუნებრივია, განვიხილავ იმასაც, რომ უნდა გამოჩნდეს ერთი ან, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ადამიანი, ვისაც ერთმანეთთან კონკურენცია და ქვეყნის მოქალაქეების ნდობის მოპოვება შეუძლია. ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანი“.
„ახლა ატყდება ხმაური“
„ციტატაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიტყვები „უნდა გამოჩნდეს“, – ამბობს გაზეთ „კომერსანტის“ მიმომხილველი, დიმიტრი დრისე: „ეს ნიშნავს, რომ შესაფერისი კანდიდატები დღეს არ არსებობენ და ისიც გაურკვეველია, როდის გამოჩნდებიან ისინი. აშკარაა, რომ ახლა არა“.
პროპაგანდისტი სერგეი მარკოვი ამტკიცებს: „ახლა ატყდება ხმაური: წავა თუ არა პუტინი? ამაზე მე ვპასუხობ: მას ამის განზრახვა არ აქვს. მემკვიდრის საკითხი თავად დოკუმენტური ფილმის თემაშია ჩადებული: მასში თანამდებობაზე პუტინის 25-წლიანი ყოფნის შედეგებია შეჯამებული და ამ თემის ბუნებრივი გაგრძელებაა პოლიტიკური კურსის განსაზღვრა. ბუნებრივია, პუტინი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უზრუნველყოს თავისი პოლიტიკური კურსის გაგრძელება“.
სურდა თუ არა პუტინს „მშვიდობის პარტიის“ გაწბილება?
კრემლის კრიტიკოსი პოლიტოლოგი, ანატოლი ნესმიანი წერს: „ბიზანტიაში მემკვიდრეები არ არსებობენ. მმართველი მეფობს ან სიკვდილამდე, ან სასახლის წარმატებულ გადატრიალებამდე. სხვა ყველაფერი, როგორც ამბობენ, „ბოროტებისგან“ მოდის. აზიურ დესპოტიზმში ძალაუფლება საკუთრებად განიხილება“.
„კონკურენცია იწყება“
„პუტინის განცხადება არის გრძელი თამაშის დასაწყისი, რომელშიც სიტყვა „ძალაუფლების გადაცემა“ ტაბუდადებული აღარ არის და მან მართვადი კონსტრუქციის დატვირთვა შეიძინა“, – ნათქვამია ერთ-ერთი უმსხვილესი, 415-ათასიანი ხელმომწერის მქონე „ტელეგრამ-არხის“ კომენტარში: „ამ გზავნილმა სისტემის შიგნით შეიძლება საკვანძო მოთამაშეებისთვის დაკისრებული როლების დახვეწილი გადანაწილება გამოიწვიოს. კონკურენცია იწყება – თუმცა, არა საჯარო სფეროში, არამედ დისციპლინირებულად კულისებში. იწყება სახელმწიფოს მეთაურის პატრონაჟით, რომელიც თავად განსაზღვრავს თამაშის წესებს. პუტინი, უპირველეს ყოვლისა, გამარჯვებას ისახავს მიზნად და ინოვაციებს – მხოლოდ ამის შემდეგ“.
სხვა ბლოგერებმა უკვე გაავრცელეს პუტინის შესაძლო მემკვიდრეების ტოპ-ათეულის სია, რომელშიც პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინია. შემდეგ მოდიან: გუბერნატორი ალექსეი დიუმინი, რომელიც ოდესღაც ყირიმის ანექსიას ხელმძღვანელობდა, და პრეზიდენტის მრჩეველი, სერგეი კირიენკო. სიებში ასევე იძებნება პუტინის ხან მემკვიდრე, ხანაც წინამორბედი სხვადასხვა პერიოდში, დიმიტრი მედვედევი, რომელიც დღეს გაზეთების სათაურებში „ცოფიანი პროპაგანდისტის“ სახელით ხვდება.
„საბჭოთა ნაფტალინის სუნი ასდის“
„პუტინს, სავარაუდოდ, თავისი რეჟიმის სტაგნაციის დაძლევა სურს. სხვათა შორის, მსგავსი სურვილი სტალინს 1952 წლის ოქტომბერში გაუჩნდა“, – იტყობინება ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური პორტალი. სინამდვილეში, სტალინი იმ დროს გადადგომით ფლირტაობდა („მე უკვე მოხუცი ვარ და გაზეთებს აღარ ვკითხულობ“) მხოლოდ იმისთვის, რომ უფრო მეტად შეექოთ. ბლოგერის თქმით, რუსეთში სამოქალაქო და სამხედრო ლიდერები „ძალიან ფრაგმენტირებულები არიან და ერთმანეთს არ ენდობიან“, რაც ძალიან გაართულებს მემკვიდრეზე კონსენსუსის მიღწევას. პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს განსაკუთრებით სამხედროებსა და საიდუმლო სამსახურებში ჰყავს მოწინააღმდეგეები.
რუსი მკითხველები კი, ამასობაში, გულიანად ხალისობენ: „როგორ მახსენებს ეს ყველაფერი საბჭოთა ნაფტალინს“. ვიღაცა გამოდის წინადადებით, რომ მემკვიდრის დანიშვნა „ბრძანებულებით“ მოხდეს, რადგან ნებაყოფლობით ხელს არავინ აწევს. ზოგი კი ასე ფიქრობს: „ნათელი გონების მქონე, ნორმალურ ადამიანს არ შეემთხვეოდა ყველა ის უბედურება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა, გიჟს კი არ მოუნდება, რომ რუსეთს თითქმის მთელი შენაძენი ჩამოერთვას“.