მოსკოვში, წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი დასრულდა.
აღლუმის დასასრულს წითელ მოედანს Su-25, Su-30 ტიპის მოიერიშე და Mig-29 ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. წლევანდელ სამხედრო აღლუმზე პირველად იყო წარმოდგენილი უპილოტო საფრენი აპარატები.
სამხედრო აღლუმში რუსის ჯარისკაცების გარდა მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებიც იღებდნენ. აღლუმი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა ჩაიბარეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი.
მოსკოვში აღლუმზე დასასწრებად აგრეთვე ჩავიდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებიც, კერძოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები.