Greenpeace-ის აქტივისტებმა Grévin-ის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და ის რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„Greenpeace France-ის აქტივისტებმა ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა Grévin-ის მუზეუმიდან „ითხოვეს“, რადგან მიაჩნიათ, რომ ის არ იმსახურებს ამ მსოფლიო დონის კულტურულ დაწესებულებაში გამოფენას მანამ, სანამ არ შეწყვეტს საფრანგეთის კონტრაქტებს რუსეთთან და არ შეუწყობს ხელს ამბიციურ და მდგრად ეკოლოგიურ ტრანზიციას ევროპულ დონეზე“, – ნათქვამია გარემოსდამცველი ჯგუფის ფრანგული ფილიალის პრესრელიზში.
ორგანიზაციამ მაკრონი დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში მკაცრ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ არასაკმარისად მოქმედებს რუსული გაზისა და სასუქის საფრანგეთში იმპორტის შესაჩერებლად.