საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Standart & Poor`s-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, – ციტირებს Reuters-ი Standart & Poor`s.
ამასთან ერთად, Standart & Poor`s-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.