უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვებას დადებითად გამოეხმაურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ორბანმა განაცხადა, არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება პატრიოტების ბრძოლის შედეგია.
„ერთი რამ შეიძლება ითქვას, ვარშავას „ვაშინგტონ ექსპრესი“ ეწვია“, – ციტირებს სააგენტო ორბანს.
„ვთვლი, რომ შედეგები ფანტასტიკურად კარგია, რადგან პოლონეთს ჰყავს პროუკრაინული, ომის მომხრე, პრობრიუსელური ლიბერალური მთავრობა“, – დასძინა უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა – ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ კი – 49,1%.