ანჟეი დუდამ და დონალდ ტრამპმა პოლონეთში გამართული არჩევნები და შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობები სატელეფონო საუბრისას განიხილეს. დიალოგის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც დუდა წერს, მან ტრამპს აუხსნა, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება ქვეყანაში იმავე პოლიტიკის გაგრძელებას, ამერიკასთან მჭიდრო მოკავშირეობასა და პარტნიორობას გულისხმობს.
„ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. მთავარ თემებს შორის იყო პოლონეთისა და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება ვილნიუსში დასრულებული „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტისა და ჰააგაში ნატოს მომავალი სამიტის კონტექსტში, ისევე როგორც წევრ სახელმწიფოებში თავდაცვის სფეროზე ხარჯების ზრდა.
პრეზიდენტი ტრამპი დავარწმუნე, რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის საკვანძო ასპექტების გაგრძელების გარანტიაა – განსაკუთრებით პოლონეთსა და აშშ-ს შორის ძლიერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნების კუთხით, როგორც ინსტიტუციურ დონეზე, ასევე პერსონალურად პრეზიდენტ ტრამპთან“, – წერს დუდა.