კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს ანჯელესის მერი, შესაძლოა, დააპატიმრონ, თუ „ზღვარს გადაკვეთენ“, – ამის შესახებ აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ტომ ჰომანმა განაცხადა.
ტომ ჰომანმა დაიცვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის განლაგების შესახებ, ადგილობრივი ლიდერების მხრიდან ამ ნაბიჯის მიმართ წინააღმდეგობის მიუხედავად.
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ტრამპის ადმინისტრაცია „სპექტაკლის“ დადგმაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტი ტრამპი ეროვნულ გვარდიას იმიტომ გზავნის, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს სამართალდამცავ ძალებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. დაგვეხმარეთ ქუჩიდან ამ დამნაშავეების მოშორებაში. შეწყვიტეთ მომიტინგეებისთვის ტაშის დაკვრა და მხარი დაუჭირეთ სამართალდამცავ ორგანოებს. გუბერნატორმა ნიუსომმა მადლობა უნდა გადაუხადოს პრეზიდენტ ტრამპს შტატის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ტომ ჰომანმა.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა ჰომანმა ადრე განაცხადა, რომ ოპერაციების შეფერხების მცდელობებმა, შეიძლება, დაპატიმრება გამოიწვიოს და არც ნიუსომი და არც ლოს ანჯელესის მერი კარენ ბასი გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ.
„ნებისმიერზე ვიტყვი. არალეგალი უცხოელისთვის შეგნებულად თავშესაფრის მიცემა და დამალვა დანაშაულია. სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავიანთი სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლა დანაშაულია“, – აღნიშნა ტომ ჰომანმა.