ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ტრანსპორტისა და თავდაცვის მინისტრები შეცვალა.
კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, თოყაევმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსლან ჟაკსილიკოვი და აღნიშნულ პოსტზე მისი მოადგილე, საჰაერო თავდაცვის ძალების უფროსი დაურენ კოსანოვი დანიშნა. თოყაევი დღეს კოსანოვს შეხვდა და მას რამდენიმე დავალება მისცა, კერძოდ, არმიის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებასთან და სპეციალური ოპერაციების ძალების შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით.
ჟაკსილიკოვი, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობდა, 2022 წლის არეულობების შემდეგ დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.
თოყაევმა ასევე გაათავისუფლა თანამდებობიდან ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი, რომელიც მაისში ტრანსპორტთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გააკრიტიკა. ჯერ უცნობია, ვინ დაიკავებს ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას.
პრეზიდენტს სამთავრობო ცვლილებების მიზეზი არ განუმარტავს.