იაპონიის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ, Taiyo Oil-მა მიიღო ტვირთი რუსული ტანკერისგან, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის „შავ სიაშია“ შეყვანილი. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რუსული სანქციების მკაცრი კონტროლის არარსებობის გამო ამერიკის მოკავშირეებიც კი შემზღუდავ ზომებს ნაკლებად ითვალისწინებენ.
როგორც Bloomberg-ი წერს, იაპონიაში სახალინის 600 000 ბარელის მოცულობის ნავთობი ტანკერმა Voyager-მა ჩაიტანა, რომელსაც ადრე „ვერნადსკის პროსპექტი“ ერქვა. ის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 180 ტანკერთან ერთად 10 იანვარს ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. აღნიშნული გემის წინააღმდეგ თებერვალში სანქციები ევროკავშირმაც შემოიღო. გემის მეპატრონე, კომპანია „სოვკომფლოტი“ აგრეთვე სანქციების ქვეშაა. კომპანია სამართავად ორ ფირმას გადაეცა, რომელიც გაერთიანებულ არაბთა საამიროებშია რეგისტრირებული.
იაპონიას აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის შესასყიდად გაცემული ლიცენზია აქვს, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ამას არ იყენებდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იაპონია თვეში საშუალოდ ოთხ რუსულ ტანკერს იღებდა, რომლებსაც პროექტ „სახალინ-2“-დან მოპოვებული ნავთობი გადაჰქონდათ. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ პროექტ „სახალინ-2“-ში ორ იაპონურ კომპანიას, Mitsui-ს და Mitsubishi-ს დღემდე აქვთ წილები.
კომპანია Taiyo Oil-ის წარმომადგენელმა სააგენტოს რუსული ნავთობის ყიდვა დაუდასტურა. მისი თქმით, მან ეს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე გააკეთა.