პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 84 ხმით, მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირებისა და აღრიცხვის კუთხით, თუმცა არსებობს გამოწვევები და საჭიროა დამატებითი ცვლილებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს შრომითი მიგრაციული პროცესების მართვა და აღრიცხვა, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ სწორი და გამჭვირვალე სტატისტიკა შრომითი მიგრაციის შესახებ, აღმოვფხვრათ არალეგალური შრომითი მიგრაცია, ადგილობრივი შრომითი ბაზარი გავხადოთ უფრო მეტად დაცული და კონკურენტუნარიანი და ასევე, ეკონომიკური სექტორების მოთხოვნის შესწავლის შესაბამისად, შევიმუშაოთ მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული შრომითი პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდისკენ“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული როლი მიენიჭება კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობას ადგილობრივი შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობის და მისი პროდუქტიულობის ამაღლებისთვის.
„საბოლოო ჯამში, აღნიშნული ცვლილებების მიზანია საქართველოში არსებული შრომითი რესურსის მაქსიმალური ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტის თანახმად: შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი; შემუშავდება აღნიშნული სამუშაო უფლების გაცემის კრიტერიუმები; დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა (ისეთი შემთხვევები, როდესაც არ გვაქვს კლასიკური დასაქმება); შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები; გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე; დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას.