თბილისის გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით მიმდინარე წლის ბიუჯეტი 155 მლნ ლარს შეადგენს, – აღინიშნა გარემოს დაცვის კუთხით თბილისის მერიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების პრეზენტაციაზე, რომელიც საზოგადოებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა.
მისი თქმით, წელს ამ მიმართულებით გაცილებით მეტი თანხა იხარჯება ვიდრე ბოლო 7-8 წლის განმავლობაში იყო.
„როგორც კი იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება ის ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია გარემოსდაცვით ღონისძიებებზე. შედარებისთვის, 2010-2017 წლებში ჯამურად იყო 97 მლნ ლარი გამოყოფილი აღნიშნულ მიმართულებაზე, წელს კი, გაცილებით მეტი თანხა იხარჯება ვიდრე ამ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში იყო დახარჯული. დამეთანხმებით, რომ შედეგიც სახეზეა. სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის გარდა, ჩვენი ეკოსისტემისთვის აუცილებელი ძალიან ბევრი ღონისძიება ხორციელდება“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
მისი თქმით, დედაქალაქში წლების განმავლობაში გაჩერებული იყო ფიტოსანიტარიული სამუშაოები და შედეგიც ძალიან მძიმე იყო.
„გვქონდა ფიჭვების დაავადების ძალიან მძიმე კერები. დღეს ეს პრობლემა სრულად მოხსნილია. აქტიურად მიმდინარეობს ბალახის საფარის ზრდა, ასევე მულჩის შეტანა, რაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ დადებითად მოქმედებს დედაქალაქში ჰაერის ხარისხზე“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის მერის მოადგილემ მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი და ისტორიული ვერის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. დაახლოებით, სექტემბერში ვნახავთ, თუ რა გაკეთდა. გეტყვით, რომ შენარჩუნდა ისტორიული დაგეგმარება და პარკი სრულად განახლდა. უპრეცედენტო პროექტია ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მშენებლობაც, რომელიც სამგორის რაიონში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში იყო მიტოვებული, უსახური შენობები და დღეს საქალაქო მნიშვნელობის, ძალიან მასშტაბური პარკი ეწყობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. გლდანის ტბის ირგვლივ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და ანტისანიტარია. უკვე სრულდება ძალიან კარგი პროექტის განხორციელება ტბის ირგვლივ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ გააჯანსაღებს ტბის მდგომარეობას, არამედ გლდანში შეიქმნება ახალი დასასვენებელი კერა“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
მან ასევე ისაუბრა დიდი დიღმის განვითარების პარალელურად რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ დემეტრე თავდადებულის ქუჩის შუა ზოლის მოწყობის გარდა, კიდევ რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.
„შარტავას სკვერის რეაბილიტაცია ყიფშიძის ქუჩის მიმდებარედ ხორციელდება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ერთ-ერთი შემორჩენილი სივრცე, რომელიც ქალაქს ჰქონდა, მისი რეაბილიტაცია განხორციელებულიყო. აქ 10-მდე უსახური ავტოფარეხი დაიშალა და მალე ამ პროექტის გახსნასაც შევძლებთ. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა გახოკიძის ქუჩაზე, რომლის ფარგლებში, 100-ზე მეტი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და გამოთავისუფლებულ, დაახლოებით, 3 ჰექტარ სივრცეზე მიმდინარეობს ახალი პარკის მშენებლობა“, – განაცხადა ბასილაიამ.
ხუდადოვის ტყე-პარკის მშენებლობაზე საუბრისას, ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ეკოსისტემისთვის. აქ ეტაპობრივად განხორციელდა რამდენიმე პროექტი და ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
ანდრია ბასილაიას თქმით, უმნიშვნელოვანესია პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და მთაწმინდის ფერდის აღდგენის სამუშაოებს მოიცავს. პროექტის აქტიური ფაზა მომავალ წელს დასრულდება.
„თითქმის 700 ჰექტრამდე ფართობის სივრცის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. დაირგო 400 ათასამდე ნერგი, მოეწყო სარწყავი სისტემა. ეს სივრცე მოვლა-პატრონობაში გადაეცემა დედაქალაქს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ იმიტომ, რომ ამ პროექტის მასშტაბი იყო უპრეცედენტო. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობაში იყო ეს ფერდი. დღეს სრულად მოხსნილია ხეების დაავადებების გავრცელების პრობლემა. დაირგა ნერგები, რაც იმის გარანტიაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მთაწმინდის ფერდი და ეს ეკოსისტემა იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, დედაქალაქში უმეტესი მწვანე სივრცე იყო უმძიმეს მდგომარეობაში, რადგან მათი მოვლა ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
„უმეტესი მწვანე სივრცე, რომელიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით, იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ფორმალურად ხდებოდა მათი მოვლა. შეიქნა ახალი მუნიციპალური სამსახური „ეკოსერვის ჯგუფი“, რომელიც არის დედაქალაქის მებაღე. მოვლა-პატრონობის ბიუჯეტიც იზრდება ყოველწლიურად, იმიტომ, რომ იზრდება ის არეალი, რომელსაც „ეკოსერვის ჯგუფი“ უვლის. დღეისთვის ეს არის უკვე 540 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე. ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ამ მიმართულების მხარდაჭერა“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმდინარე პროექტებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ხორციელდება ისტორიული შენობების რეაბილიტაცია და მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს კლდოვანი ფერდობების სტაბილიზაცია, ეწყობა დამჭერი კედლები და დამცავი მოაჯირები.
„ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ბაღი, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება და პროგრამა ხორციელდება. მნიშვნელოვნად შეივსო ეროვნული თესლის ბანკი და დღეს უკვე საქართველოს ფლორის მრავალფეროვნების ნახევარს მოიცავს. იმართება ბევრი ფესტივალი. განათლების მიმართულებით განხორციელდა 40-ზე მეტი სამეცნიერო პროექტი. ასევე, ხორციელდება მრავალფუნქციური ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, უკეთესად მოვემსახუროთ ბაღის ვიზიტორებს. გარდა ამისა, ლეღვთახევში ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი და რამდენიმე თვეში ლეღვთახევი უსაფრთხო სახით დაუბრუნდება დედაქალაქს“, – განაცხადა ანრია ბასილაიამ.