აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
„მე ვფიქრობ, საშინელებაა ის, რასაც ისინი აკეთებენ. მე ვფიქრობ, ეს საძაგელია. ეს ბაიდენის ომია. ეს არ არის ჩემი ომი, მაგრამ ვთქვი, რომ შევეცდები ამ საქმის შეჩერებას“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ყოველ კვირას 7 000 ჯარისკაცი იღუპება, როგორც უკრაინელი, ისე რუსი.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის, თუმცა ეჭვი შეიტანა მის ეფექტურობაში.
„არ ვიცი, აწუხებთ თუ არა სანქციები. არ ვიცი, ექნება თუ არა ამას რამე შედეგი, მაგრამ ჩვენ ამას ვაპირებთ. ევროპა ძალიან განაწყენებულია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არის ომი, რომელიც არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან შეთანხმება დადო ნატო-სთან, რომლის მიხედვითაც ალიანსი იხდის იმ სამხედრო დახმარების ღირებულებას, რასაც აშშ გაგზავნის უკრაინაში.
„შეერთებული შტატები ნამდვილად არ არის ჩართული ამ ომში. არ უნდა იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.