მამუკა მდინარაძე არის ლიდერი, რომელიც არასოდეს არაფერზე იხევს უკან საკუთარი ქვეყნისთვის და მას გამორჩეულად აქვს გამძაფრებული როგორც პატრიოტიზმი, ასევე სახელმწიფოებრივი ხედვა, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მდინარაძის წარდგენის შეფასებისას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მდინარაძე სამსახურის ერთ-ერთი საუკეთესო ხელმძღვანელი იქნება.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ საქართველოს პარლამენტში ვთანამშრომლობდით, ის ნამდვილად იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ იღლებოდა საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნით. სწორედ ამ თვისებების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უფროსი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.
სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა პოსტი შაბათს დატოვა, რის შემდეგაც პრემიერმა სუსის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.