დედაქალაქში ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა – ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და მოიცავდა, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას.
დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.
„დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – ვაკის რაიონში ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია. აქ არსებული მდგომარეობა უმძიმესი იყო. ამიტომ, პირველი, რაც გავაკეთეთ, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება-მოწესრიგებაა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მიწისქვეშა ურნები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, რაც, ხმაურის თვალსაზრისით, ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას მოთმინებისთვის, თანადგომისთვის, რადგან სწორედ მათი ჩართულობით ხდება მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქში. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიის თანამშრომელს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას. მადლობას ვუხდი ასევე, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, ელექტროსადენები განთავსდა მიწისქვეშ, მოეწყო ტროტუარები, ჩატარდა საგზაო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედელიც.
გარდა ამისა, ორივე ქუჩაზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური LED სანათები. ამასთანავე, დამონტაჟდა 40-მდე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნა, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ზებრა გადასასვლელები; გზის სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი“ შუქნიშნები; ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტის ბოლო ეტაპზე, ორივე ქუჩაზე გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა – მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 2 100 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.
პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. სამუშაოების საერთო ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ განახლებული ქუჩები უკვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირსა და წყნეთის გზატკეცილს უერთდება, რაც ქმნის სრულად მოწესრიგებულ, თანამედროვე სატრანსპორტო და საცხოვრებელ არეალს. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას, როგორც ქვეითებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილებისთვის.
დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების უფროსები, ვაკის რაიონის გამგებელი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები გაეცნენ.