საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ სიხარულიშვილი საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაგრძობს. ის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ორწლიანი ვადით, სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„საქართველო წარმოადგენს სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში (OEDNE) შემავალ წევრ ქვეყანას (ანდორა, სომხეთი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, ისრაელი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი და უკრაინა), რომლის ფარგლებში, სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის პოზიცია ქვეყნების მიხედვით ორწლიანი ვადით იცვლება და ამჯერად აღნიშნული საპასუხისმგებლო როლი საქართველოს მიენიჭა.
სხვადასხვა წლებში ვახტანგი იყო ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მცირე და საშუალო მეწარმეების და კორპორატიული საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი, საბანკო ზედამხედველობის პირველი განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ეროვნულ ბანკამდე ვახტანგი სხვადასხვა კომერციულ ბანკში მუშაობდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.