საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 100-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ახლად დანერგილი სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს. მათ შორისაა: სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, ასევე თემატური ტრენინგები.
საუბარი შეეხო ,„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განზოგადებულ პრაქტიკას, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს,“ — აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.
ამასთან, სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა – „ციფრული მრჩეველი“, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩეველის“ მიზანია ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს სწორ და დეტალურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის გამართული ოპერირებისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.