გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა. შეხევდრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის ვებგვერდზე ვრცელდება.
სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
“აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ზოლზე ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებს ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შეექმნათ.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე, რომლებიც კვლავ უკანონოდ იმყოფებიან ე.წ. პატიმრობაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.
