თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად იმ რეზოლუციის პროექტზე, რომელსაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით წარადგენენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ტრაგიკულია დღეს არსებული მდგომარეობა და ამავე მძიმე მდგომარეობას ასახავდა წინა რეზოლუციაც.
„იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიებმა აღიარეს არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.